ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია საუბარი.
ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)-
საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკაზეც წერს და აღნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოსთვის რეზერვები 5.2 მილიარდ აშშ დოლარამდე შეივსო, რაც 3 თვეზე მეტ იმპორტის მაჩვენებელს ფარავს.
ცნობისთვის, სებ-მა განახლებული სტატისტიკა გუშინ, 25 სექტემბერს გამოაქვეყნა. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას განაგრძობს. აგვისტოში, სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ აგვისტოს მდგომარეობით 5.2 მლრდ დოლარს შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს სებ-ის გაცხადებული პოლიტიკა – ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის მაშინ, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
· იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
· მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
· აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
· მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
· ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი
· ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი
· აგვისტო – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 199.6 მილიონი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
წყარო: businessinsider.ge