საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ვექტორი ურყევია, რისთვისაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტიერეშმა აღნიშნა,რომ ძალიან დიდ ზეწოლას გავუძელით. დიდი მადლობა [გადაგვიხადა] იმისათვის, რომ ასეთი სწორი, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების გზა აქვს არჩეული საქართველოს. ამას ყველა ხედავს, აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაერო-ს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები