მოლდოვის სააპელაციო სასამართლომ 12 თვით შეზღუდა პარტია „მოლდოვის გულის“ საქმიანობა, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ითხოვდა

„კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა პარტია „მოლდოვის გულის“ საქმიანობის 12 თვით შეჩერების შესახებ“, – ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.

გადაწყვეტილება 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე იქნა მიღებული. მისი გასაჩივრება კი უზენაეს სასამართლოში 15 დღის ვადაში იქნება შესაძლებელი.

პარტიის ლიდერმა ირინა ვლაჰმა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.

„ეს მმართველი ხელისუფლების მიერ ჩვენი პარტიის გაჩუმების გეგმის ნაწილია. ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, არც ერთი დღე არ გასულა „მოლდოვის გულის“ პარტიაზე საზიზღარი, ბინძური და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების გარეშე. თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით გაგვაჩუმებს, ძალიან ცდება. ბრძოლა გრძელდება და სიმართლე გაირკვევა“, – განაცხადა ვლაჰმა.

ცნობისთვის,  მოლდოვის იუსტიციის სამინისტრო პარტია „მოლდოვის გულის“ საქმიანობის შეზღუდვას ითხოვდა. შესაბამისი მოთხოვნით მოლდოვის იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის სააპელაციო პალატას მიმართა და პარტიის საქმიანობის 12 თვით შეზღუდვა მოითხოვა. სარჩელი სააპელაციო პალატაში მას შემდეგ წარადგინეს, რაც მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პარტია „მოლდოვის გულის“ ფინანსურ საქმიანობაში, სავარაუდოდ, დარღვევები აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები