შსს-ს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის დელეგაციას მასპინძლობს.
ორი ქვეყნის საზღვრისპირა რეგიონების სამხარეო პოლიციის უფროსების შეხვედრის ფორმატი წელს გაფართოვდა. სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსს გაგიკ ავეტისიანს და შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილეს ალექსანდრე არაბიანს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძე მასპინძლობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან კვიციანმა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ სომეხ კოლეგებთან – სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის ტავუშის, შირაკის და ლორის მარზების პოლიციის სამმართველოების უფროსებთან, არშავირ გევორგიანთან, ვარდან ნადარიანთან და არტაკ კარაპეტიანთან საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამართალდამცავ სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ტრანსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მექანიზმების შემუშავების, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების და ძებნის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.
სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციამ სსიპ „112“ დაათვალიერა. სტუმრები გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და ცენტრის კოორდინაციის მექანიზმს სხვადასხვა უწყებებთან. დელეგაციის წევრებს ასევე უმასპინძლა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველომ, სადაც მათ უწყებაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები