ლევან მახაშვილი – მოსახლეობის დაკვეთა არის ქვეყნის განვითარება და არა რევოლუციები
„მუნიციპალიტეტის არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, როგორც ჩანს, თავადაც ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ ე.წ. მშვიდობიან რევოლუციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სწორედ ამას ვეუბნებოდით ჩვენს საზოგადოებასაც,“ – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, გიორგი გახარიას განაცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, არჩევნები ჩაივლის ჩვეულებრივად, მშვიდობიანად, მოსახლეობა გამოხატავს თავის აზრს და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას.
„4 ოქტომბერი მოვა, არჩევნები ჩაივლის ჩვეულებრივად, მშვიდობიანად, მოსახლეობა გამოხატავს თავის აზრს და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. ყველა სიტყვები, რომლებიც ეხება კრიზისებს, რევოლუციებს, დამხობებს, არის ფუჭი სიტყვები, არანაირი პერსპექტივა ამ სცენარს საქართველოში არ აქვს და ვერ ექნება ვერასდროს მომავალში. საქართველოში მოსახლეობის დაკვეთა არის ქვეყნის განვითარება, მეტი სიკეთე და არა რევოლუციები და დამხობები. ყველა, ვინც ამ სცენარს გაუყვება, არჩევნებზე ელოდება, სულ ცოტა, პოლიტიკური დამარცხება, ხოლო თუ გადაიკვეთება სამართლებრივი ჩარჩოები, რა თქმა უნდა, ამ სცენარსაც სახელმწიფოსგან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „საარჩევნო ბოიკოტის შემდეგ, 4 ოქტომბერს რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება იყო ყველაზე დიდი საჩუქარი „ოცნებისთვის“, რომელმაც თავისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაენახებინა, ალტერნატივა რა არის“. ამასთან, გახარიამ აღნიშნა: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის დღე და რევოლუციის რესურსი არ გაქვს, შემდეგ დააბრალებენ ხალხს, არასაკმარისი გამოვიდა, ჩვენ რა ვქნათო“. გიორგი გახარია ამბობს, რომ „4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის, თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების“ ლეგიტიმაცია იყო“.