მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილის განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

 

   ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მიერ ვანო მერაბიაშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 5 -წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების გადაწყვეტილებას, მთავარი პროკურატურა სპეციალური განცხადებით
ხმაურება.
რაც შეეხება სასამათლოს მიერ ვანო მერაბიშვილსთვის სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილსთვის სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებების მოხსნის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარე განაჩენს საკასაციო წესით გაასაჩივრებს.
“დღეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბინის (კერძო საკუთრების) ხელშეუხებლობის დარღვევაში, დიდი ოდენობით ფულადი თანხების გაფლანგვის ორ ეპიზოდში და ამომრჩევლის მოსყიდვაში, დანაშაულები რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით და 164 პრიმა მუხლით. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დანაშაული რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით. საზოგადოებას შევახსენებთ თუ რა ბრალდებებები ჰქონდა წარდგენილი ივანე მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს, რაზედაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, 2009 წლის მაისში უკანონოდ დაიკავა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ კვარიათში მდებარე, კერძო საკუთრებაში არსებული აგარაკი, სადაც იგი ისვენებდა მის ოჯახის წევრებთან ერთად. გარდა ამისა, მან მეტი კომფორტის შესაქმნელად აგარაკი გაარემონტა სახელმწიფოს ხარჯზე, აგარაკის მოსავლელად დაიქირავა დამხმარე პერსონალი, რა მიზნითაც, პირადი მოტივით ივანე მერაბიშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა – 157 669,3 ლარი. ასევე, 2012 წლის 05 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზის შექმნა, სწორედ ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, პროგრამის ნიღბად გამოყენებით, 2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომჩეველთა მოსასყიდად, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა შეიმუშავა დანაშაულებრივი გეგმა, რაშიც ჩართული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი. 2012 წლის 07 სექტემბრამდე პერიოდში, „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის“ პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულებები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ 21 837 პირთან. ხელშეკრულებები იყო თვალთმაქცური, ვინაიდან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით ამომრჩეველთა მოსყიდვას. ამ გზით, ივანე მერაბიშვილის მიერ გაფლანგული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი 5 240 880 ლარი. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მხარის პოზიცია ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, იგი ცნო დამნაშავედ ხსენებულ ბრალდებებში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში წარდგენილი ბრალდებისთვის განუსაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სასამართლომ ივანე მერაბიშვილს მოუხსნა სსკ-ის 332-ე მუხლით, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს სსკ-ის 182-ე და 164 პრიმა მუხლებით წარდგენილი ბრალდებები, რა ნაწილშიც ბრალდების მხარე განაჩენს საკასაციო წესით გაასაჩივრებს“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები