ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხორციელდება  VISA ბიზნეს ლაუნჯია. ამჟამად მიმდინარეობს ორსართულიანი ბიზნეს ლაუნჯის მოწყობა, რომლის სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, ოპერირებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით აღიჭურვება და დეკემბრიდან აეროპორტში ფუნქციონირებას სრულიად ახალი სერვისი – ბიზნეს ლაუნჯი დაიწყებს.

„თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი  გაფრენის დარბაზში (სარეჟიმო ტერიტორია) პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება და ერთდროულად 70 ადამიანის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.

5 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი გაფორმებული იქნება VISA-ს ბრენდის ფერებითა და კონცეფციით. ბიზნეს ლაუნჯის მართვას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თავად განახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები