ქალაქი, რომელიც შავ ჭირს გადაურჩა – დუბროვნიკის საკარანტინო სისტემა

XIV საუკუნეში შავი ჭირი, ევროპის უდიდეს კატასტროფად იქცა. „შავმა სიკვდილმა“ 1347–1351 წლებში მოსახლეობის თითქმის მესამედი გაანადგურა. დაავადება ვენეციის, გენუის და ხმელთაშუა ზღვის სხვა სავაჭრო ქალაქებიდან სწრაფად ვრცელდებოდა. სწორედ ამ ფონზე დუბროვნიკმა (მაშინდელი რაგუზის რესპუბლიკა) ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ნაბიჯი გადადგა – შექმნა პირველი ოფიციალური საკარანტინო სისტემა.

1377 წელს რაგუზის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა მოგზაური, ვაჭარი ან მეზღვაური, ვინც ქალაქში შედიოდა, ვალდებული იყო, გარკვეული დროით ქალაქის გარეთ დარჩენილიყო. ეს პერიოდი თავდაპირველად 30 დღეს შეადგენდა და მას trentino ეწოდებოდა, მოგვიანებით კი, 40 დღემდე გაიზარდა (quarantino – აქედან მოდის სიტყვა „კარანტინი“). ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ამ დროის განმავლობაში გამოჩნდებოდა, ჰქონდა თუ არა ადამიანს ჭირის სიმპტომები და ამგვარად ქალაქს დაავადება არ შეეყრებოდა.

ამ მიზნით, სპეციალურად აშენდა იზოლაციური ნაგებობები – ლაზარეთები. ისინი განლაგებული იყო დუბროვნიკის გარეუბნებში, ზღვისპირა პატარა კუნძულებზე და ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოგზაურებს იქ ამყოფებდნენ საკვებითა და ძირითადი საჭიროებებით უზრუნველყოფილ გარემოში, თუმცა მკაცრი კონტროლის ქვეშ. ეს არ იყო სასჯელი, არამედ — საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმი.

დუბროვნიკის მაგალითს მალევე მიჰბაძეს სხვა ქალაქებმა. XV საუკუნეში ვენეციამ და გენუამაც შექმნეს მსგავსი სისტემა. სწორედ დუბროვნიკის ინიციატივამ დაუდო საფუძველი თანამედროვე ეპიდემიოლოგიურ პრაქტიკას – ინფექციური დაავადებების კონტროლისთვის ადამიანების დროებით იზოლაციას.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯმა გადაარჩინა დუბროვნიკი იმ მასშტაბურ განადგურებას, რასაც შავი ჭირი ევროპის სხვა ქალაქებში იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ზოგჯერ მაინც აღწევდა ქალაქში, მსხვერპლი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე სხვა სავაჭრო ცენტრებსა და ნავსადგურებში.

დღეს დუბროვნიკის „ლაზარეთები“ კვლავ არსებობენ და ტურისტებისთვის ერთ-ერთ საინტერესო ისტორიულ ობიექტებადაც გვევლინებიან. ისინი გვახსენებენ, რომ წინდახედულმა გადაწყვეტილებამ პატარა რესპუბლიკას საშუალება მისცა, გადაერჩინა საკუთარი მოსახლეობა და ისტორიაში პირველი სისტემური საკარანტინო წესრიგის ავტორად დარჩენილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები