ანგელა მერკელის გეგმა ევროპას ამერიკის სპეცსამსახურების თვალთვალისგან დაიცავს
გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ევროპული კავშირის ქსელის შექმნა სურს, რათა ევროპელი ინტერნეტმომხმარებლების პერსონალური მონაცემები ამერიკელი სპეცსამსახურებისგან დაიცვას. ამის მიზეზი ედუარდ სნოუდენის დაკვირვება გახდა, რომლის თანახმადაც ამერიკული დაზვერვა უკვე დიდი ხანია ევროპელებს უთვალთვალებს. კანცლერის ინიციატივა „RT“-ის კორესპონდენტმა ლუსი კაფანოვმა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტი წერს, რომ მერკელის ინიციატივით, ევროპის კავშირის ახალი ქსელი ახალი ,,ინტერნეტი“ არ იქნება, თუმცა ის ამერიკის სპეცსამსახურებს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას მოუსპობს.
მერკელი ფიქრობს, რომ ამ საკითხს 19 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილავს. გერმანიის კანცლერი ასევე აცხადებს, რომ გუგლისა და ფეისბუქის ბაზირება ისეთ ქვეყნებში, სადაც მონაცემთა დაცვის დაბალი დონეა, დაუშვებელია. ამავე დროს, საჭიროა აქტიური მოღვაწეობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, სადაც დაცვის დონე ძალიან მაღალია. გერმანიაში ეს საკითხი ძალიან მწვავედ დგას.
აღსანიშნავია, რომ კანცლერი „АНБ“-ის გარშემო ჯაშუშური სკანდალის გამო მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან მან გერმანელი მოქალაქეების ამერიკელების და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების თვალთვალისგან და მათი სატელეფონო მოსმენებისგან დაცვა ვერ შეძლო. ანგელა მერკელისთვის ეს საკითხი პირად მნიშვნელობასაც იძენს. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკული სპეცსამსახური მის სატელეფონო საუბრებსაც უსმენდა.
აღსანიშნავია, რომ ციფრული ინფორმაციის ამერიკის გვერდის ავლით გადაგზავნის იდეა მხოლოდ ევროპაში არ გაჩნდა. ბრაზილია, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას გეგმავს, რომელიც ევროპაში ამერიკის გვერდის ავლით გადააგზავნის ინფორმაციას. ამ პროექტისთვის 185 მილიონი დოლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება 2014 წლის ივლისისთვის იგეგმება.
უცხოური მედია წერს, რომ ბრაზილიის გადაწყვეტილება სკანდალურ ფაქტს უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ გახმაურდა და რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი აქტიურად უთვალთვალებდა ბრაზილიის მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს, ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით. ბრაზილიელებისთვის ინტერნეტში ინფორმაციის დაცულობის საკითხი პრიორიტეტული სწორედ ამის შემდეგ გახდა, მაგრამ შეძლებენ თუ არა პოლიტიკოსები ამ იდეების რეალურად განხორციელებას ევროპაში, მათ შორის ანგელა მერკელიც – დრო გვაჩვენებს.