„დაღესტანი – კახეთის გზატკეცილს სამხედრო დანიშნულება აქვს“

დაღესტანი – კახეთის გზატკეცილის მშენებლობის საკითხს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ქუთელიას განმარტებით, ის, რომ ამ გზატკეცილით საქართველო ეკონომიკურ სარგებელს ნახავს, სათაგურში ჩადებული ყველის ამბავს ჰგავს. მისი განცხადებით, მსგავს ინფრასტრუქტურას ყოველთვის აქვს უფრო მეტად სტრატეგიულ სამხედრო დანიშნულება, ვიდრე ეკონომიკური.
ეკონომიკური ხედვებით მსჯელობისას კი ქუთელია ხელისუფლებას ურჩევს, სახელმწიფომ პრიორიტეტი მიანიჭოს აღმოსავლეთ – დასავლეთ ინფრასტრუქტურის და არა ჩრდილოეთ- სამხრეთით ინფრასტრუქტურის განვითარებას.
„ ყველანაირი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა პირდაპირ და ირიბად კავშირშია ეროვნულ უსაფრთხოებასთან, შესაბამისად, გარკვეული ეკონომიკური სარგებელი არ უნდა იყოს ცდუნებად მიღებული იმისათვის, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ. ამას ეძახიან ხოლმე ყველს სათაგურში. შესაბამისად, ყველა ასპექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ ისტორიული გამოცდილებითაც ვიცით, რომ ასეთ ინფრასტრუქტურას უფრო მეტად სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ეკონომიკური კუთხით თუ შევხედავთ, სახელმწიფომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს აღმოსავლეთ – დასავლეთ ინფრასტრუქტურის განვითარებას და არა ჩრდილოეთ – სამხრეთით ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღმოსავლეთ – დასავლეთ ინტეგრაციის ვექტორი არის ის ეკონომიკური ინტეგრაციის ვექტორი, რომელიც ქვეყნის შიგნით ეკონომიკის ინტეგრირებისთვის არის მნიშვნელოვანი და ასევე სრულ თანხვედრაშია საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკურ კურსთან, ეს არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“,- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანად 83 კილომეტრი იქნება, გზამ 3 მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდის და 5 გვირაბის აშენება იგეგმება. დაღესტნის ავტოგზის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრეი ბონდარევი განმარტავს, რომ ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები