,,კანონის თანაბრად დაცვა ყველას მიმართ არის ყველაზე სწორი, დამაბალანსებელი გამოსავალი და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ პროცესს წაადგება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, როდესაც ქვეყანაში პიკზეა პოლიტიკური დაძაბულობა და ყოველდღიურად ხდება ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც, რაში ხედავს სიტუაციიდან გამოსავალს სახალხო დამცველი ამბობს, რომ დემოკრატიულ სამყაროში, ასეთი ვითარების დროს გამოსავალს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა წარმოადგენს.
„ამაში იგულისხმება ის აქციის მონაწილეც, რომელმაც გადაამეტა თავის გამოხატვის თავისუფლებას და პოლიციელზე მიიტანა იერიში – ქვა ესროლა, თუ მაშხალა ესროლა, რაც გაუმართლებელია, ამაში იგულისხმება ისიც, როდესაც პოლიციელმა დააკავა ადამიანი, შემდეგ მოახდინა ფიზიკური ზემოქმედება და მას არაადამიანურად მოეპყრო – ცემა და ასეთი ფაქტები მე ბევრი ვნახე. წინასწარი დაკავების იზოლატორებში 100-ზე მეტ ადამიანს შევხვდი. იმის თქმა მინდა, რომ ამას სჭირდება რეაგირება, კანონის უზენაესობა გულისხმობს. ვიცით, რომ ერთ მხარეს არიან ადამიანები პასუხისგებაში მიცემული და მეორე მხარეს არიან, ვინც დანაშაული ჩაიდინა, კანონის აღსრულება უნდა იყოს თანაბარი. ეს გაათანაბრებს საზოგადოებაში ამ განწყობებსაც, რადგან ასეთ დროს უსამართლობის განცდა იქნება მაღალი“, – განაცხადა იოსელიანმა.