დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვაქვს საშუალება ევროპელ მაღალჩინოსნებს კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით

„მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია მიიღონ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ევროპელი მინისტრების ვიზიტი მნიშვნელოვანია. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, როდესაც ასე პირდაპირ გვაქვს საშუალება კონკრეტული, ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ევროპელ მაღალჩინოსნებს არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და ეს რაღაც მოჯადოებული წრე აღქმებით და არა ფაქტებით საკითხების განსჯისა მოიშალოს და სიმართლე პირდაპირ პირველი პირებისგან მიიღონ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა და ეს ასეც ხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ჩატარდა შესაბამისი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სიმართლე, რომელიც არის ერთი, იქნება მიწოდებული ზუსტად იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ეს საზოგადოებამ იცის.

„ჩვენ ხომ სხვა ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ამ ყველაფერს ელემენტარულად მასმედიის საშუალებით ვაკვირდებოდით. ზოგი, მაგალითად პარლამენტის შენობაშიც იმყოფებოდა მაშინ, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ ცდილობდნენ პარლამენტის სასახლის გადაწვას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დიდი გამოცდილება რომ აქვს ტყუილების და სიცრუის, ეს ფორმატი მოიშლება და პირდაპირ მოხდება ამ ინფორმაციის მიწოდება და ასეც ხდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა არგუმენტი რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ მიუთითებს, ევროპელ კოლეგებს ამაზე თვალის გასწორება მოუწევთ.

„რამდენიმე დღეში აშშ-ში ახალი პრეზიდენტი შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ აი ეს სუბიექტივიზმის პოლიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სრულიად უსამართლო დამოკიდებულება, რაც ჩვენ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ საკუთარ თავზე განვიცადეთ შეიცვლება და მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. დონალდ ტრამპის არაერთი განცხადება ამის ძალიან დიდ იმედს გვაძლევს წინასაარჩევნოდაც და დღესაც არსებულ განცხადებებსაც ვგულისხმობ. სიმართლე, რომელიც არის ერთი, აუცილებლად გამჟღავნდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობა არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ეს იქნება ძალიან დიდი იმპულსი, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთანაც მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. მათ სხვადასხვა სახის შეხვედრები გამართეს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან, რომელმაც მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საპარლამენტო არჩევნების დროს და ასევე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და პოლიციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები