“ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ წვდომა საგამოძიებო მასალებზე და თუ ასეთი დაშვება გვექნება, მაშინ ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი” – ომბუდსმენი
“საზოგადოებამ მინდა, იცოდეს, რომ სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა საგამოძიებო მასალებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საგამოძიებო უწყება გამონაკლისის წესით აძლევს მას დაშვების საშუალებას. ჩვენ მოგვცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს დაშვება იმდროინდელ მასალებზე და ვსწავლობთ ამ საქმეებს”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
“თქვენ გახსოვთ შარშანდელი აპრილის აქციები, როდესაც ასევე მოხდა ჟურნალისტებზე ძალადობა. ამ პროცესებში დაზარალდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკოსები. ჩვენ გვახსოვს ნაცემი პოლიტიკოსებიც. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ვთხოვე, რომ გამონაკლისის წესით მოეცათ დაშვების უფლება იმ საქმეებზე, რომელსაც ის იძიებდა კონკრეტულად ამ აქციის პერიოდში დაშავებული ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ.
ასეთი დაშვება სახალხო დამცველის ინსტიტუტმა მიიღო დაახლოებით ორი თვის წინ და ჩვენ დავიწყეთ ამ საქმეების შესწავლა. ამ საქმეებთან დაკავშირებით რა ხდება, გამოძიების სტანდარტი როგორია, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე რა თქმა უნდა პასუხი გვექნება იმიტომ, რომ წვდომა გვაქვს საგამოძიებო მასალებთან.
საზოგადოებამ მინდა, იცოდეს, რომ სახალხო დამცველს არ აქვს წვდომა საგამოძიებო მასალებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საგამოძიებო უწყება გამონაკლისის წესით აძლევს მას დაშვების საშუალებას. ჩვენ მოგვცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს დაშვება იმ დროინდელ მასალებზე და ვსწავლობთ ამ საქმეებს.
რაც შეეხება ახლანდელ მოვლენებს, ამასთან დაკავშირებითაც ანალოგიურად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ წვდომა საგამოძიებო მასალებზე და თუ ასეთი დაშვება გვექნება, მაშინ ჩვენ შევძლებთ შევაფასოთ გამოძიების ეფექტურობა, რამდენად სწორად მიმდინარეობს ეს პროცესი და ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება იქნება ინფორმირებული.
სხვა შემთხვევაში, როცა არ გაქვს მასალებთან წვდომა, რთულია, გარედან შეაფასო რა მდგომარეობაშია გამოძიება და მაშინ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ იცით და საზოგადოებამ იცის, ბუნებრივია სახალხო დამცველს არ ეცოდინება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.