აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანმა მის ტერიტორიას ოთხი თავდასხმის დრონით შეუტია, რომლებიც მიმართული იყო ნახიჩევანის აეროპორტისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისკენ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე მიუღებლად მიიჩნია ირანის გენერალური შტაბის განცხადებები, რომლითაც ნახიჩევანზე თავდასხმებში ისრაელი დაადანაშაულეს.
„ტექნიკურად დადგენილია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის წინააღმდეგ აგრესიული აქტების ჩასატარებლად ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენებით შეტევა მოხდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სასწავლო პროცესის დროს საშუალო სკოლის შენობაზე.
„უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც საშუალო სკოლის შენობისკენ მიფრინავდა, საბედნიეროდ, სამიზნეს ვერ მიაღწია, სკოლის მახლობლად მიწაზე ჩამოვარდა და აფეთქდა“, – დასძინა დეპარტამენტმა.
აზერბაიჯანი ირანისგან მოელის, რომ შეწყვეტს თავდასხმაში მონაწილეობის უარყოფას და ბოდიშს მოიხდის.
„ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირანმა პირველი დრონით დარტყმა განახორციელა აზერბაიჯანის, ნახიჩევანის რეგიონის აეროპორტზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი საპროტესტო ნოტის გადასაცემად დაიბარა.
ამასთან, აზერბაიჯანმა თავისი ჯარები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოაქცია.