კახა კალაძე: შესაძლოა, ვინმეს სურდეს წარმოჩენა, თითქოს ცალკეულმა არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს, თუმცა ყველაფერი ხელის გულზე დევს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მას არ სურს წინასწარ მტკიცებით ფორმაში საუბარი და საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.
„თვითონ ფაქტს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში, ზუსტად მათი გავლით ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას – იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს მოჰყვებოდა რეაგირება.
დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზედაც კეთდება და რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, ვინმეს სურდეს ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს ამ არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალე შეიძინეს აქციების მონაწილეებისთვის, თუმცა ყველაფერი ხელის გულზე დევს.
„შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალის შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდიოდა გარედან და ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი იფუთებოდა არასამთავრობოებით. ყველაფერი ხელის გულზე დევს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი ქილიკობდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი თავადვე გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მცდელობები“, – განაცხადა თბილისის მერმა.