“მოლოდინი გვაქვს, რომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, რაც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული” – გორდულაძე

“მოლოდინი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „დიფ სთეითს“ განსაკუთრებული აქცენტი აქვს საქართველოს მიმართ, რადგან ის არ ასრულებს იმ დავალებას, რომლის მოცემის მცდელობა იყო „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების მხრიდან.

“ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი როდესაც ვსაუბრობთ, რომ „დიფ სთეითის“ მიმართ ბრძოლაა გამოცხადებული, ამაში წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ეს წარმატება ვერ იქნება ხორცშესხმული, ვიდრე საქართველოზე ზეწოლა, ქართველ ხალხზე შანტაჟის დასჯის მცდელობები კვლავ აქტიური იქნება. გასაკვირიც არის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაცია და ურთიერთობები ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო ყველა ქვეყანასთან და სიჩუმეა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის იდეოლოგია სრულ თანხვედრაშია, მათ შორის ლგბტ კამპანიის თავსმოხვეულ ფსევდოლიბერალურ დოქტრინებთან დაკავშირებით, ამავდროულად, იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც USAID-ს ეხება. როდესაც განცხადებები გაკეთებულია, რომ USAID-ი უნდა დაიხუროს, USAID-თან დაკავშირებით პირველმა „ქართული ოცნების“ წევრებმა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავიწყეთ განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, რაც კონკრეტულ ნაბიჯებზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანასწორობის პრინციპზე იქნება დამყარებული. ჩვენთვის მთავარია ის, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ქართველი ხალხის ინტერესებშია მსოფლიოში ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები, რომელიც, სამწუხაროდ, შეჩერებულია. ურთიერთობების გადახედვა, საბოლოო ჯამში, კარგია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის სამშვიდობო პოლიტიკაში ჩვენ კუთხით წვლილი შევიტანოთ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები