საგარეო საქმეთა მინისტრები: ღაზა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა

რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისს „წარმოუდგენელი“ უწოდეს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ავსტრალიის, ბელგიის, კანადის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იაპონიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

მოგვიანებით, ევროკავშირმა გამოაქვეყნა განახლებული განცხადება, რომელშიც იტალია და ლატვია ხელმომწერებად იყვნენ მოხსენიებული. გერმანიამ განცხადებას ხელი არ მოაწერა.

დიპლომატების თქმით, რეგიონში მზარდი ძალადობა და სამოქალაქო მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა დაუყოვნებელ საერთაშორისო რეაგირებას მოითხოვს.

საგარეო საქმეთა მინისტრების საერთაშორისო კოალიციამ, დაგმო ღაზას სექტორში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მოუწოდა ისრაელს, დაუშვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების შეტანა ალყაში მოქცეულ ანკლავში.

„ღაზაში ჰუმანიტარულმა ტანჯვამ წარმოუდგენელ დონეს მიაღწია. შიმშილი ჩვენს თვალწინ მძვინვარებს. შიმშილის შესაჩერებლად და მის დასაძლევად სასწრაფო ზომებია საჭირო. ჰუმანიტარული სივრცე უნდა იყოს დაცული და დახმარება არასდროს არ უნდა იყოს პოლიტიზირებული.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა სავალდებულოა ყველა მხარისთვის,“ — აღნიშნულია დოკუმენტში.

განცხადებაში, რომელსაც ასევე ხელს აწერდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები, გაკრიტიკებულია „რეგისტრაციის ახალი შემზღუდავი მოთხოვნები“, რომლებიც, მისი თქმით, ხელს უშლის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარების განაწილებაში.

მინისტრებმა ასევე მხარეებს შორის შუამავლობისთვის და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები