საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლერი მეძმარიაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის, ლერი მეძმარიაშვილის, გარდაცვალების გამო,   სააგენტო უსამძიმრებს ლერი მეძმარიაშვილის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.
ლერი მეძმარიაშვილი 1991-2001 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს, იყო კულტურის მინისტრის მოადგილე.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის სპეციალობით დამთავრების შემდეგ პროფესიული საქმიანობა დაიწყო „თბილქალაქპროექტში“ არქიტექტორის პოზიციაზე, შემდეგ კი მუშაობდა არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელად „საქქალაქმშენსახპროექტში“. 2003-2009 წლებში იყო საქართველოს სამშენებლო პროექტების ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს გენერალური დირექტორის მოადგილე.
ლერი მეძმარიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილისის ურბანული არქიტექტურის განვითარებაში. მისი ავტორობითა და თანაავტორობით შექმნილია არაერთი გამორჩეული ნაგებობა, მათ შორის: საცხოვრებელი სახლი კეკელიძის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი, რომლისთვისაც 1981 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ცხინვალისა და სოხუმის თეატრების შენობები და სხვ.; მონაწილეობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეკონსტრუქციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები