რაჟდენ კუპრაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა შევძინოთ იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში
,,დღეს ჩვენ შეხვედრას ვმართავთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საუბარი ექნებათ ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში შევა.
„მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის პირობებში, დეცენტრალიზაციის პირობებში ანტიკორუფციული პოლიტიკა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად ჩართული იყვნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნულ რეფორმებში.
მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა შევძინოთ იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასე, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, იმ რეგულაციებს, რომლებიც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ამ სამუშაო პროცესში მაქსიმალური ჩართულობით უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
რაც ყველაზე მთავარია, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები აღმოიფხვრება. საერთოდ აიკრძალება რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირმა იმუშაოს რამდენიმე საჯარო სექტორში. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. შესაბამისად, ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.