გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დადგენილ აკრძალვებს დაემორჩილონ

,,ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის საქართველოშიც –
ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 -დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე”, – ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.

,,ტემპერატურის მატება არა მხოლოდ საქართველოში,  ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეინიშნება,  რასაც უკვე მოჰყვა  ტყის ხანძარი   თურქეთის ცენტრალურ ნაწილში. ესქიშეჰირის პროვინციაში ხანძრის ქრობისას 10 მეხანძრე დაიღუპა 14 კი დაშავდა.  ტრაგედიის მიზეზი სტიქიის ზონაში ქარის მიმართულების ცვლილება გახდა,  რის გამოც მეხანძრეებმა ტერიტორიიდან გამოსვლა ვერ შეძლეს.

ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის საქართველოშიც. ხანძრის მცირე კერებს უკვე ადგილი ჰქონდა, განსაკუთრებით ალპურ ზონებში,  რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და რეგიონების სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, დროულად იქნა ლიკვიდირებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს.

შეგახსენებთ, რომ ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 -დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები