შალვა პაპუაშვილი: რასაც ვუყურებთ, ყველა ეს ძალადობა, მუქარა, სიძულვილის ენა, ბულინგი ვისი სახელით ხდება? ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის დროშის და ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების სოლიდარობით
,,რა მოცემულობას ვაკვირდებით დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის მხრიდან – ამართლებენ პარლამენტის დაწვას, ამართლებენ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას, ამართლებენ ძალადობას, რომელიც მოდიოდა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არც ევროკავშირის ელჩს და არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს ძალადობა არ დაუგმიათ.
„ევროკავშირმა დაგმო პარლამენტის დაწვა და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა? არა. როდესაც ევროკომისია, ნაცვლად იმისა რომ დაგმოს ძალადობა, პარლამენტის დაწვა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ამართლებს ამას, ეს არის მთავარი სირცხვილი, რასაც ბრიუსელი ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს აყენებს. რასაც ვუყურებთ, ყველა ეს ძალადობა, მუქარა, სიძულვილის ენა, ბულინგი ვისი სახელით ხდება? ევროკავშირის სახელით, ევროკავშირის დროშის და ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩების სოლიდარობით.
ჩვენ ვნახეთ, რომ გერმანიის და ევროკავშირის ელჩები სოლიდარობას უცხადებენ პოლიციელზე თავდამსხმელს. ამას ხომ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ყველაფერი, გარდა ევროპული ღირებულებებისა. ეს არის გზა საბჭოთა კავშირისკენ და ჩვენ ვართ ნამყოფები საბჭოთა კავშირში და ვიცით, რას ნიშნავს ეს, ამიტომაც ვაფრთხილებთ ევროკავშირის მოქალაქეებს და ვხედავთ, რომ ამ მხრივ მიდის მათი გამოფხიზლება, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ბიუროკრატი ევროკავშირს საბჭოთა კავშირისკენ მიაქანებს“, – აცხადებს პაპუაშვილი.