მკვლელობის ჩადენამდე ყოფილი ცოლის მკვლელი სამართალდამცველებმა ორჯერ გააფრთხილეს

ლაშა მაღრაძე, რომელმაც ილიაუნში ყოფილი მეუღლე მარია (მაკა) წივწივაძე სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა, სამართალდამცველებს ორჯერ ჰყავდათ გაფრთხილებული. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მარია წივწივაძემ შსს-ს საჩივრით პირველად სექტემბრის თვეში, რუსთავში მიმართა და განაცხადა, რომ მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
შსს-ს პრესსამსახურის უფროსის თქმით, წივწივაძის საჩივრის შემდეგ, 22 სექტემბერს მარია წივწივაძე და ლაშა მაღარძე სამართალდამცველებმა რუსთავის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც გასაუბრების ოქმი შედგა. გიორგობიანის თქმით, მარია წივწივაძე ოქმში აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაშა მაღრაძე მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ შეწყვეტდა, ის შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვდა. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ ოქმში პირობა დადო, რომ მეუღლეს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა.
“ოქმში მარია წივწივაძე აცხადებდა, რომ მეუღლე ლაშა მაღარძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ითხოვდა, რომ მეუღლეს აღარ შეეწუხებინა. წივწივაძე აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაშა მაღრაძე კვლავ განაგრძობდა მსგავს მოპყრობას, ის შემაკავებელი ორდერის გამოწერას მოითხოვდა. თავის მხრივ, ლაშა მაღრაძემ ოქმში პირობა დადო, რომ მეუღლეს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებდა“,-განუცხადა “კვირას“ ნინო გიორგობიანმა.
მისვე ინფორმაციით, მარია წივწივაძემ აღნიშნული საჩივრით მეორედ 26 სექტემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს მიმართა. თუმცა მას შემაკავებელი ორდერის გამოწერა არ მოუთხოვია. სამართალდამცველებმა ლაშა მაღრაძე განყოფილებაში 29 სექტემბერს დაიბარეს. წივწივაძის მიმართვის საფუძველზე ლაშა მაღრაძემ სამართალდამცველებისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.
მოქმედი კანონმდებლობით, კანონდამრღვევი პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი სწორედ მეორე, სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ დგება. შეგახსენებთ, რომ ილიაუნიში ტრაგედია დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, უნივერსიტეტის ლექტორი მარია (მაკა) წივწივაძე ყოფილმა ქმარმა ლაშა მაღარძემ ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
წივწივაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანა, თუმცა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რის გამოც პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები