ბაჩო ახალაიამ მოსამართლეებს მიმართა
ყოფილი შსს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია საფრანგეთის სასამართლოს მიერ მისი ძმის ექსტრადირებაზე უარის თქმის თემას გამოეხმაურა. როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბაჩო ახალაიამ განაცხადა, თუ საბერძნეთის და საფრანგეთის სასამართლო ხედავს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საქმეებს პოლიტიკური სარჩული აქვს, საინტერესოა, რატომ არ ცდებიან ჩარჩოებს ქართველი მოსამართლეები. “იქნებ გასცდეთ ჩარჩოებს, თუკი ბერძენი და ფრანგი მოსამართლეები ხედავენ ამ ყველაფერში პოლიტიკურ სარჩულს, ქართველ მოსამართლეებს რატომ არ შეგიძლიათ ამის დანახვა. ამისთვის საჭიროა უფრო ფართოდ იმსჯელოთ და არა იმ მტკიცებულებებით, რომელსაც გაწვდით პროკურატურა”, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბოლო პროცესი იმართება. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 17:00 საათამდე შესვენება გამოაცხადა. 17 საათზე საქმის განხილვა რეპლიკების ეტაპით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა და განაჩენის თარიღს გამოაცხადებს. ამ დროისათვის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.