შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანია „სივიტას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მსოფლიო ბანკის „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის” (GRAIL) მხარდაჭერით, შპს „საქართველოს მელიორაცია” კომპანია „სივიტასთან” ერთად, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ ბილინგის პროგრამაზე მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა გააუმჯობესებს და გაამარტივებს მომხმარებელსა და კომპანიას შორის ხელშეკრულებების, ანგარიშსწორების, დავალიანებათა მონიტორინგისა და მართვის მექანიზმებს.

ბილინგის პროგრამაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილსა და კომპანია „სივიტას“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს გასულ თვეში კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგები და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზები. დაგეგმილია საველე ვიზიტებიც, რომლის ფარგლებშიც, „სივიტას“ წარმომადგენლები სიონის, პალდოს, ქვემო სამგორის სათავე ნაგებობისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების არეალის ფუნქციონირების და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შპს „საქართველოს მელიორაციისთვის” მნიშვნელოვანია, ანგარიშსწორების ოპერაციების, საინფორმაციო და ფინანსური მომსახურების ეფექტიანი სისტემის დანერგვა და საირიგაციო მომსახურების პროცესში წყლის განაწილების გეგმების შესამუშავებლად საჭირო მონაცემების სიზუსტე, რაც ახალი პროგრამის მეშვეობით გახდება შესაძლებელი.

შეხვედრას საექსპლუატაციო ღონისძიებების, წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკის და სემეკთან ურთიერთობის და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი, დამოუკიდებელი საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია მენეჯმენტის საკითხებში „სივიტა“ 21 ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს კერძო, საჯარო, ინოვაციური და ციფრული მიმართულებით. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სამთავრობო ინსტიტუტებთან, მუნიციპალიტეტებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებთან თანამშრომლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები