გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო და ხე-ტყის უკანონო მოპოვება – ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში, მოქალაქეს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სახელმწიფო ტყეში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ სახერხზე, სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული სამი ერთეული წაბლის სახეობის ხე-მცენარისგან, 60 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაამზადა.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდას მიმდებარედ, გამოვლენილია წიფლის სახეობის 12 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო მოპოვების ფაქტი.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტია გამოვლენილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენშიც, სადაც სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმეთვალყურეოდ დასაწყობებული წაბლის სახეობის 25 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) აღმოაჩინეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნის მიმდებარედ კი, მოქალაქე, უკანონოდ მოპოვებული ნაძვის სახეობის 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე – ჯამში 48 ერთეული მორი, შემდგომი რეალიზების მიზნით, შესაბამის საქმიან ეზოებშია გადატანილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები