გიორგი ვაშაძე: კარგად ვარ, სიახლეა ის, რომ გწერთ 308-ე საკნიდან – აუცილებლად გავიმარჯვებთ

,,კარგად ვარ. სიახლეა ის, რომ გწერთ 308-ე საკნიდან.
გააზრებული მაქვს აქ რისთვის ვარ. არ ვარ პირველი, ვინც ამ გზას გადის. ყოველი ასეთი გზა არის მტკიცებულება, რომ პოლიტიკური დევნა შედეგს ვერ იძლევა”,- ამის შესახებ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სიმართლისა და გამარჯვების გზა არასდროს არის მარტივი.

,,შეუძლებელია თავისუფლების, აზრის დატყვევება. ეს არის ყველა ავტოკრატის და მოძალადის მთავარი შეცდომა და მათი მარცხის დასაწყისი.

პატიმარი არის არა ის, ვინც ფიზიკურად დაატყვევეს, არამედ ის, ვინც გარეთ არის და ვერ იაზრებს თავისუფლების არსს.

აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, მე და სხვა ჩემი მეგობარი ლიდერები პოლიტიკაში არ ვართ პირადი კომფორტისთვის. ასე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდით.

ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის.
რეჟიმი მარცხისთვისაა განწირული. ის ამას გრძნობს, ამიტომ ებრძვის ყველას ვერაგულად.

ბევრისთვის ჩვენი გზა შეიძლება რთულია, მაგრამ სიმართლისა და გამარჯვების გზა არასდროს არის მარტივი.

მოლაპარაკება მათთან შეუძლებელია. მათ საბოლოოდ დაკარგეს ფასიც და სახეც ამიტომ ჩვენი იარაღია: ერთობა, ღირსება და ბრძოლა ბოლომდე!

აუცილებლად გავიმარჯვებთ!”,- წერს ვაშაძე.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე გუშინ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე გუშინვე, პარტიის ოფისში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები