გორდულაძე – ოპოზიციაზე: ვხედავთ, რომ განსაკუთრებულად ცდილობენ, მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალონ
„ვხედავთ, რომ განსაკუთრებულად ცდილობენ, მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალონ, გარკვეული პირები იქამდეც კი არიან მისულები, რომ პირდაპირ ესწრებიან სასამართლო სხდომებს, რაც არის მოსამართლეზე ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთი ფორმა”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე საუბრისას აცხადებს.
“წარსულში ჩვენ ასევე ვნახეთ სამწუხარო და კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, როდესაც მოსამართლეს პასუხი მოსთხოვეს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. გარკვეულ პირებს აქვთ სურვილი, რომ მართლმსაჯულება გადააქციონ შოუდ და რეალურად, რაც კანონმდებლის მიზანი არის, რომ საზოგადოების ინფორმირებულობა მოხდეს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ეს არის გამოყენებული ბოროტად და კონკრეტული მართული ტელევიზიები მათ შორის, და ამავე დროულად მართული, დავალება მიღებული, დაფინანსებული ადამიანები ცდილობენ, რომ შოუდ გადააქციონ მართლმსაჯულება და ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების განხორციელებას.
სწორედ ამიტომაც არის შემოთავაზებული ეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო თვითონვე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას. ამავე დროულად, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოითხოვოს სხდომის ოქმი, ჩანაწერი და ამავე დროულად, თუ იქნება მოტივირებული შუამდგომლობა, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული მედიასაშუალება იქნება თუ სხვა პირი, დაუშვას სასამართლო პროცესზე გადაღების უფლებით“, – აცხადებს გორდულაძე.