ბრიტანეთის საელჩო ამტკიცებს, რომ „ტაბულა“ არ არის პროპაგანდისტული მედია, ასევე თოლორაიას, ჯაფარიძისა და ქურდოვანიძის NGO-ებს მიუკერძოებელ დამკვირვებლებად განიხილავს
დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და კატეგორიულად არ ეთანხმება ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას.
ასევე, ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციები.
„დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში.
ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში. კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
სწორედ ამის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში.
საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც “პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.
ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.