გიორგი ცუცქირიძე: ისრაელის ავიაციის მიერ გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ასევე ირანის მიერ საპასუხო დარტყმები, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ რისკებს წარმოადგენს
“ისრაელის ავიაციის მიერ გაზისა და ნავთობის ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ასევე ირანის მიერ საპასუხოდ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა, ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, სამხედრო ძალის გამოყენების მუქარასთან ერთად, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ რისკებს წარმოადგენს, მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა, განსაკუთრებით თუ კონფლიქტი გახანგრძლივდა სახმელეთო საბრძოლო ოპერაციებით,”- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, ჰორმუზის სრუტე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო გზა გადამწყვეტია გლობალური ენერგეტიკული ვაჭრობისთვის, რადგან მსოფლიო ნავთობის თითქმის 25% და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) 21% მასზე გადის.
“მიმაჩნია, რომ ამ სატრანსპორტო დერეფნის შეფერხებას შეიძლება შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს, თუნდაც ისეთი გეოგრაფიულად დაშორებული ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო.
პოტენციური სცენარებიდან უნდა განვიხილოთ ამ კონფლიქტის როგორც შედარებით მოკლევადიანი ვარიანტი, ისე შედარებით გრძელვადიანი განვითარება.
მოკლევადიანი განვითარების სცენარისას, იგი ორი კვირა ან თვენახევარიც რომ გაგრძელდეს, ამ ომის ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზე მაინც ნაკლებად მტკივნეული იქნება. ჩვენ შესაძლოა განვიცადოთ ენერგომატარებლებზე და პირველ რიგში საწვავზე ფასების დროებითი ზრდა და გარკვეულწილად საქონლის მიწოდების მცირე შეფერხებები, თუმცა ინფლაციური წნეხი შედარებით მცირე იქნება, აშშ დოლარის მოსალოდნელი გამყარების შემთხვევაშიც კი. დღეს სებ ს ყველა ბერკეტი აქვს ამ დროებითი სცენარის გასანეიტრალებლად მათ შორის მონეტარული განაკვეთი, თუმცა ვფიქრობ, საეჭვოა მონეტარული განაკვეთის გაზრდის საჭიროება დადგეს დღის წესრიგში.
ჰორმუზის სრუტე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზიას, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის საქონლის ტრანზიტისთვის. მაგალითისათვის ჩინეთის იმპორტირებული ნავთობის 40 % გადის ჰორმუზის სრუტით, სრუტის ხანგრძლივი ბლოკირება გამოიწვევს გემების აფრიკის სამხრეთ კიდეზე გადამისამართებას, რაც გაზრდის საწვავის მოხმარებას და გადაზიდვის დროს, რაც ბუნებრივია, აისახება წარმოებული პროდუქციის გაზრდილ თვითღირებულებაში და გაზრდის სარეალიზაციო ფასებს, გააძვირებს იგივე ჩინურ პროდუქციას. ჩინეთის და თურქეთის გარდა, ამ კონფლიქტში არაერთი ქვეყნის პოტენციური ჩართულობა მაინც ტოვებს შანსებს, რომ იგი გრძელვადიანი არ იქნება.
რაც შეეხება გრძელვადიანი განვითარების სცენარს, კონფლიქტისას გლობალური მიწოდების ჯაჭვების დარღვევა საქართველოსთვისაც ნიშნავს იმპორტირებული საქონლის პოტენციურ შეფერხებებს და გაზრდილ ხარჯებს, რაც გავლენას მოახდენს ყველაფერზე, სამომხმარებლო პროდუქტებიდან დაწყებული, სამრეწველო მასალებით გაგრძელებული და მომსახურების სერვისებით დამთავრებული. ომის გრძელვადიანი განვითარების შემთხვევაში, მთავარი სატრანზიტო დერეფნის გახანგრძლივებულმა ჩაკეტვამ და ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებამ შეიძლება გამოიწვიოს ენერგომატარებლებზე ფასების მაღალი დონე, რა დროსაც მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარსაც კი შეიძლება თავისუფლად აცდეს, რასაც დაემატოს მიწოდების ჯაჭვის მნიშვნელოვანი შეფერხებები და მაღალი ინფლაციური ფონი.
აქ იგულისხმება გეოპოლიტიკური ესკალაცია უფრო ფართო კონფლიქტში თუ გადაიზრდება, საქართველო შესაძლოა უფრო არასასურველი და არა რაღაც კატასტროფული, რაზეც არის უკვე მსჯელობა, ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდეს, მათ შორის სავაჭრო მარშრუტებზე პირდაპირი ზემოქმედებისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის ჩათვლით. აქ პირველ რიგში მიგრანტთა ტალღის ზეწოლას ვგულისხმობ.
წმინდა ეკონომიკური რისკებიდან კი ჩვენთვის პირველ რიგში უნდა გამოიყოს, ინფლაციური რისკის ზრდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შედეგად. მოგეხსენებათ საქართველო თავისი ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის ნავთობსა და ბუნებრივ აირს, იმპორტით ახორციელებს.
ბუნებრივია, ენერგომატარებლების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, საქართველოში ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკის მაღალი იმპორტიზაციისას საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრის ფასების ზრდასაც გამოიწვევს. გაზრდილმა ინფლაციურმა წნეხმა შესაძლოა შეამციროს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და შეაფერხოს ეკონომიკური აქტივობა, მოხმარების შემცირებით, რაც განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე აისახება.
თუმცა ამ შედარებით მაღალი ინფლაციური რისკებისას, რომლის სცენარსაც სები ისედაც განიხილავს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, მისი მოტივაციის ბერკეტებიც გააჩნია, რაც ბოლო წლებში ვნახეთ შიდა პოლიტიკური დაძაბულობის და საგარეო შოკების წარმატებული არინების დროს. თუმცა ბუნებრივია, გარკვეული ფასის გადახდა ჩვენ მაინც მოგვიწევს, გლობალური რისკების მკვეთრი ზრდის გამო, რაც ჩვენზე სამწუხაროდ, ნაკლებად არის დამოკიდებული.
ახლა თუ გამოწვევებზე ვსაუბრობთ ცალკეა გამოსაყოფი ლოჯისტიკური გამოწვევები, რადგან რეგიონში გაზრდილი რისკები გამოიწვევს გადამზიდავი კომპანიების სადაზღვევო პრემიების ზრდას. ეს გაზრდილი ხარჯები შესაძლოა გადაეცეს მიწოდების ჯაჭვს, რაც კიდევ უფრო გაზრდის იმპორტირებული საქონლის ფასებს საქართველოში და ასევე ნეგატიურად აისახება საზღვაო გადაზიდვების ექსპორტზეც, საწვავზე გაზრდილი ფასების გამო.
აქვე აღვნიშნავ, რომ ირანის წვლილი საქართველოს გაზის იმპორტში მინიმალურია. 2023 წელს საქართველომ ირანიდან 73.28 ტონა გაზი შემოიტანა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2022 წლის 10.38 ტონასთან შედარებით, თუმცა მისი ჩანაცვლება ნაკლებად პრობლემური იქნება. შედარებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტში ისტორიულად, აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი იყო. 2023 წელს აზერბაიჯანზე მოდიოდა საქართველოს გაზის იმპორტის დაახლოებით 72%, რაც დაახლოებით 1.56 მილიონი ტონა იყო და მისი ღირებულება 279 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
გაცილებით დივერსიფიცირებულია საწვავის იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი იმპორტიორი რუსეთია, რომლის წილიც საქართველოში საწვავის იმპორტის 49%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა რუმინეთი რომლის იმპორტმა 2024 წელს 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 185,021 ტონა საწვავი შეადგინა.
მესამეა ბულგარეთი, 2024 წელს 154 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 180,473 ტონით.
შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი 2024 წელს 76 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 95,951 ტონა საწვავის იმპორტით და ხუთეულს კრავს თურქეთი : 2024 წელს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 67,992 ტონა საწვავის იმპორტით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გეოგრაფიულად დაშორებულია ჰორმუზის სრუტიდან, ვაჭრობისა და ენერგეტიკული ბაზრების გლობალური ურთიერთდაკავშირებულობა ნიშნავს, რომ ამ რეგიონში არსებულ სატრანზიტო შეფერხებებს შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები ჩვენთვისაც მოჰყვეს ოღონდ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა დღევანდელი მაღალი ესკალაციის და ნაკლებპროგნოზირებადობის პირობებში, ჩვენ უნდა ვემზადოთ ნებისმიერი სცენარისათვის. გეოპოლიტიკური მოვლენების სწორი და დროული ანალიზი საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს პოლიტიკის კორექტირება და მზად ვიყოთ პოტენციური ეკონომიკური ცვლილებებისთვის.
შესაბამისად, ეკონომიკის გადაწყობის მიზანშეწონილ სცენარად უნდა განვიხილოთ სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება ჰორმუზის სრუტეზე ნაკლებად დამოკიდებულ ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ მიწოდების ჯაჭვებს, მათ შორის ენერგიის წყაროების მეტი დივერსიფიკაციით,”- წერს ცუცქირიძე.