საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათშორისი სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მნიშვნელობას.
„აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში შეთანხმებების გაფორმება სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება და მტკიცე ინსტიტუციურ საფუძველს შექმნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის. ამავე კონტექსტში აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მნიშვნელობაც, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორობის ეფექტური ფორმატია.
მინისტრებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობის, ეკონომიკისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და ხაზი გაუსვეს ამ და სხვა სფეროებში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერისთვის – როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც განაგრძობენ ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას.
საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.