საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში A.I. სენდბოქსის სატესტო პროექტს იწყებს

ფინანსურ სექტორში ინოვაციების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში ახალ სატესტო პროექტს – A.I. სენდბოქსს იწყებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროექტის მიზანი საქართველოს ფინანსურ და საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

ინიციატივა უზრუნველყოფს სანდო, კონტროლირებად და რეგულირებულ სივრცეს, რომელშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ფინანსური სერვისების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

საინიციატივო პროექტში ჩართვა შეუძლიათ სუბიექტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვით, იმ კომპანიებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტების განვითარება და უზრუნველყოფა. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2025 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

სენდბოქსის მონაწილეები, ეროვნული ბანკის მეთვალყურეობით, იმუშავებენ ახალი იდეებისა და ინიციატივების განვითარებისთვის. შემუშავებული კონცეფციების მომზადებისა და ანალიზის შემდეგ კი მათი ეტაპობრივი ტესტირება უკვე რეგულირებულ, სანდო და კონტროლირებად გარემოში განხორციელდება.

პროექტის ძირითადი მიზანია – ინოვაციისა და ტექნოლოგიის წახალისება, უსაფრთხო და რეგულირებული გარემოს შექმნა, ასევე, ახალი შესაძლებლობების შექმნა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება.

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ პროგრესს, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ეროვნული ბანკი აცნობიერებს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია საბანკო და ფინანსურ სისტემებში შეუქცევადი პროცესია. სწორედ ამიტომ, მისი მიზანია, ეს ტრანსფორმაცია განხორციელდეს რეგულირებული, უსაფრთხო და მომხმარებელზე ორიენტირებული ჩარჩოს ფარგლებში. A.I. სენდბოქსი ამ მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდება მოწინავე, ტექნოლოგიურად გაძლიერებული ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები