ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია წამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო – ახლა იტყვიან, ევროპამ გვითხრაო
„ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია და ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას გავლენა ექნება გარკვეულ სუბიექტებზე. მაგალითად, „ლელო” აქამდე რომ ნელ-ნელა აპარებდა ოპოზიციურ ფლანგს, რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, დღეს ამ რეზოლუციამ მას პოლიტიკურ-მორალური გზა გაუხსნა არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მთელი მათი რიტორიკა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და შემდგომ განვითარებული მოვლენები თავიდან ბოლომდე მცდარი და ტყუილზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკა იყო. დღეს, რა თქმა უნდა, ამის შეცვლა მოუწევთ. როგორც ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება უჭირდათ, ამ გადაწყვეტილების მიღებაც უჭირდათ, ამიტომ, ეს რეზოლუცია გამოეხმარა და უთხრა, რომ მიიღეთ მონაწილეობაო. ახლა იტყვიან, რომ ევროპამ გვითხრაო. გამართლებას ასევე იმაში მოძებნიან, რომ სამაგიეროდ იქვე ხომ ჩაწერეს, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ვცნობთო. მოკლედ, ასეთი სამართლებრივ-პოლიტიკური ნონსენსის კასკადი აქვს საქართველოს გარშემო შექმნილი ევროკავშირის ამ სტრუქტურებისა თუ ბიუროკრატიის გარკვეულ ნაწილს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.