“წლის პირველ კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა” – ეკა ლალიაშვილი

“მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, 1 763 დაშავდა, 50 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე იყო”- ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები 20%-ითაა გაზრდილი.

“მინდა, ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის სტატისტიკა გაგაცნოთ, რომელიც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. წლის პირველ სამ თვეში 112 ადამიანი დაიღუპა, 1 763 დაშავდა, 1 360 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც სისხლის სამართლის კატეგორიაში გადის. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევების ოდენობა 20%-ითაა გაზრდილი, დაზიანებულთა ოდენობა კი 18%-ით. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სტატისტიკა ყურადსაღებია, რადგან 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და სახელმწიფო დონეზე რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ 50 ფეხით მოსიარულე დაიღუპა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულე იყო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ქვეითების უსაფრთხოების კუთხით პროაქტიული ქმედებები დაიწყოს. როგორც ქვეითები, ასევე ველო მომხმარებლები ძალიან მაღალი რისკის საგზაო მოძრაობის ჯგუფებს წარმოადგენენ და შესაბამისად, ამ კატეგორიის გზის მონაწილეებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილში, რომ მათი გადასასვლელები, მათი სავალი ნაწილი იყოს უსაფრთხო, განათებული, ყველა პარამეტრი დაცული, რაც გზებზე მსხვერპლს შეამცირებს. მძღოლებისთვის მათი ხილვადობა მაღალ დონეზე უნდა იყოს, სიჩქარის ლიმიტების შემცირებაც სწორედ იმისთვის არის, რომ მძღოლს დამუხრუჭების შემთხვევაში შესაძლებლობა ჰქონდეს, სიცოცხლე გადაარჩინოს. დადგენილიც არის და საერთაშორისო გამოცდილებაც გვეუბნება, იმ 10 კმ/სთ სიჩქარეს როგორი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადარჩენისთვის, თუ საგზაო შემთხვევა მოხდება”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი ფაქტორები დაასახელა, რაც მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება.

“დარღვევებს და საგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება: დარღვევები ფეხით მოსიარულეების მხრიდანაც საკმაოდ აღინიშნება, ისევე როგორც წამყვან ფაქტორად სიჩქარის გადაჭარბება რჩება, რაც საგზაო შემთხვევების დროს მაღალ მსხვერპლს იწვევს, ასევეა მანევრირების წესების დარღვევა, საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. ანუ ეს წამყვანი ფაქტორები კვლავ გამოწვევად რჩება. ეს ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია.

ამას წინათ ჩვენ გლობალური საგზაო უსაფრთხოების შესახებ გაერო-ს კვირეული აღვნიშნეთ. მოგეხსენებათ, გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის მთავარი მიზანია, 2030 წლისთვის გზებზე მსხვერპლი განახევრდეს, ხოლო 2025 წლისთვის ამ სტატისტიკას 25%-იანი შემცირება უნდა მოჰყვეს. ჩვენი საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაც ამას გულისხმობს და გაეროს ტენდენციებს მიჰყვება, თუმცა არსებული რეალობა საპირისპიროს გვიჩვენებს. ვფიქრობ, რომ ის საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და რომელიც უწყებათა შორის კომისიას წარმოადგენს, ძალიან მოკლე პერიოდში უნდა შეიკრიბოს და განიხილოს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენს გზებზე მსხვერპლის შემცირება მოხდეს. ასევე მინდა, რეკომენდაციების ნაწილზე ვისაუბრო, მოკლევადიან პერსპექტივაში რა შეიძლება, გაკეთდეს. ეს არის ქულათა სისტემის კიდევ უფრო უკეთესი ადმინისტრირება და ქულების აღსრულება კამერების მეშვეობით, განსაკუთრებით იმ დარღვევებზე, რომელიც გზებზე მსხვერპლს იწვევს და პირველი ეს სიჩქარის გადაჭარბებაა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საბავშვო სამგზავრო სავარძლები კანონით იყოს მოთხოვნილი, იმიტომ, რომ ჩვენი მცირეწლოვანი ბავშვები დღეს მგზავრობის დროს დაცულები არ არიან, მნიშვნელოვანია სკოლის ზონების შექმნა, რაც იმას გულისხმობს, რომ სკოლის ზონებთან სიჩქარის შემცირება მოხდეს, ასევე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა იმ ზონებში, სადაც ქვეითები დადიან და დატვირთული ზონებია, სადაც მჭიდრო დასახლებული პუნქტებია, ამასთან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, რომელიც ქვეითებზე იქნება მიმართული. პოზიტიურ ნაწილში მინდა, აღვნიშნო, რომ დედაქალაქში იმ ახალ გზებზე, ახალ უბნებში, სადაც გზების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ეს ნამდვილად გათვალისწინებულია, ფეხით მოსიარულეთათვის ბევრი გადასასვლელი ჩნდება და რასაკვირველია , ეს მისასალმებელია. თუმცა, ამ სტატისტიკის შემგროვებელი მხოლოდ დედაქალაქი არ არის, ამ ნაწილში გამოწვევა საქართველოს მასშტაბით გვაქვს და მნიშვნელოვანია, სხვა ქალაქებიც ჩაერთონ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის როგორც ხელმისაწვდომი, ასევე უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

საინფორმაციო, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი იმისა ,რომ როგორც მძღოლებმა, ასევე ქვეითებმა ქცევა შეიცვალონ. ეს ჩვენი მოგონილი არ არის, ეს სხვა ქვეყნების და ქალაქების გამოცდილებაა. გვყავს მძღოლები, რომელთაც სჭირდებათ, როგორც ცნობიერების ამაღლება, ასევე კანონის ადმინისტრირება. ქულათა სისტემა სიჩქარესთან მიმართებით შემთხვევით არ ვახსენე, გარკვეული კატეგორიის მძღოლს უკვე საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრება სჭირდება. არა ერთხელ გვითქვამს: საგზაო მოძრაობის მონაწილე მხოლოდ ჩვენ არ ვართ, როცა მძღოლი აჭარბებს სიჩქარეს, ან წესებს არღვევს, ეს სხვისთვისაც ზიანის მომტანია. ამიტომ, ეს ზიარი პასუხისმგებლობაა. როდესაც გზაზე გავდივართ, უფლება არ გვაქვს კანონი დავარღვიოთ, რადგან ჩვენი კანონდარღვევით და დაუმორჩილებლობით როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვას ძალიან დიდ და გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ”- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები