უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის შემდეგი პოტენციური შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდეს.
„დღეს შევხვდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს. მადლობა გადავუხადე თურქეთს და პრეზიდენტ ერდოღანს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, შეხვედრის ორგანიზებაში მათი დახმარებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ათასი ადამიანის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლება. რუსეთის მიერ დაკავებული ყველა უკრაინელის დაბრუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინისა და პარტნიორების დიპლომატიური ძალისხმევა განიხილა.
„მადლიერები ვართ თურქეთის მკაფიო პოზიციისთვის – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული და სრული მხარდაჭერისთვის… რუსეთი აგრძელებს მსოფლიოს ყველა მოწოდების იგნორირებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აგრძელებს მკვლელობებს. უფრო მეტიც, უკვე ერთ კვირაზე მეტია, რუსები ვერ ახერხებენ ე.წ. „მემორანდუმის“ წარდგენას, რომლის მომზადებასაც ჰპირდებოდნენ 1000-ის 1000-ზე გაცვლისთანავე“, – დასძინა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინას არ მიუღია რაიმე დოკუმენტი, რომელიც რუსულ მხარესთან მომავალი შეხვედრის დღის წესრიგს განსაზღვრავდა. გარდა ამისა, რუსეთმა საჯაროდ არ გაამჟღავნა მემორანდუმის ტექსტი, რომელიც პატიმრების გაცვლის შემდეგ უნდა განხილულიყო.
„უკრაინას მათგან არანაირი დოკუმენტი არ მიუღია – ისევე როგორც თურქეთს. იმისათვის, რომ შეხვედრას აზრი ჰქონდეს, მისი დღის წესრიგი ნათელი უნდა იყოს და მოლაპარაკებები სათანადოდ უნდა იყოს მომზადებული. სამწუხაროდ, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შემდეგ პოტენციურ შეხვედრას შედეგი არ მოჰყვეს. ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან ჩვენს ყველა თანამშრომლობას, რომელიც დიპლომატიის ეფექტურობისკენ არის მიმართული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.