თბილისის მერი ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
ვაკის რაიონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
რეაბილიტაცია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ხორციელდება.
სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება – ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ რიგში, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც ამორტიზებული იყო და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. კვირა არ გავიდოდა, რომ რაიმე დაზიანება არ ყოფილიყო, რაც აფერხებდა ავტომობილებით გადაადგილებასაც. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტროგადამცემი ხაზები განთავსდება მიწის ქვეშ, დამონტაჟდება განათების ბოძები და ნარჩენების მიწისქვეშა ურნები, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გვინდა, რომ პროექტი ზაფხულის პერიოდში მთლიანად დასრულდეს. იმედია, ამინდებიც ხელს შეგვიწყობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი მოიცავს 13 000 კვ.მ-ზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების სრულ განახლებას. კერძოდ, შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები; მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED ლამპიონები; ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს.
სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდერლიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი გაეცნენ.