ჰელსინკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ფინეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „The Finnish House of Nobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, დარგის ექსპერტები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ. ირაკლი ჩოლობარგიამ მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო.

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა საზეიმო მიღებას ფინეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლების, ასევე, ღვინის პროფესიონალებისა და ინფლუენსერებისთვის. საზეიმო მიღების დროს, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქართული ფოლკლორისა და პოლიფონიის თანხლებით ჩატარადა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გამართა. შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში გამოიკვეთა ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები