ლავროვსა და რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა რუბიოს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 19 მაისს მიღწეული შეთანხმებების შესრულების პროგრესის, ასევე რუსული მხარის მიერ სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადების შესახებ.

„თავის მხრივ, მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის ყურადღებას უკრაინის კონფლიქტის სწრაფ დასრულებაზე და გამოთქვა ვაშინგტონის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მხარეთა პოზიციების დაახლოებას.

საუბრის დროს ასევე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი განზრახვა, გააგრძელონ კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემით სავსე დიალოგი რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები