მარიამ ლაშხი – მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა; ეს არის არა მხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ – ღირებულებებზე თავდასხმა

„ჩემი დღევანდელი განცხადებით მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი, კანონმდებლობის, კონსტიტუციური ვალდებულებისა და საერთაშორისო იურისდიქციული ნორმების პატივისცემის აუცილებლობას – დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი შვილები და მათი ფუნდამენტური უფლებები. და რაც მთავარია მორალური და ეთიკური საზღვრები. როგორც მოქალაქემ მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი არა მხოლოდ ინციდენტთან არამედ იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება“, – ამის შესახებ „საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს.

„მოგეხსენებათ, 17 მაისს, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატრიარქის კურთხევით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავდა, მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ჩვენი, როგორც ოჯახის წევრების კონსტიტუციური ვალდებულება, ჩემს მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად თავს დაგვესხნენ რადიკალური აქტივისტები სისტემატური და კოორდინირებული თავდასხმით. 17 მაისის ინციდენტით ასევე მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ დესტრუქციული ძალების მიერ დაკონსტრუირებულ პროცესებზე, პროტესტის ფორმებსა და აქციებზე, რომლებიც ნორმად იქცა დღეს, ჩვენ სინამდვილეში და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება. გახლეჩილი საზოგადოება კი, მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ვერ ააშენებს.
მინდა შეგახსენოთ ასევე, რომ, თუ ჩვენ დემოკრატიაზე ვაკეთებთ აქცენტს, დემოკრატია, პირველ რიგში, საკუთარი ვნებების მოთოკვას და სხვისი აზრის მოსმენის ჩვევების განვითარებას გულისხმობს. ამიტომაც, განსხვავდება ათენური და ბერძნული დემოკრატია კიევის რუსეთის “ვეჩეს” სისტემისაგან, სადაც ის იმარჯვებდა, ვინც უფრო ხმამაღლა დაიყვირებდა და მუშტსაც უთავაზებდა განსხვავებული აზრის მქონე თავის მოწინააღმდეგეს.
დღესდღეობით კი ჩვენ ვხედავთ იმ მოძველებული და თავსმოხვეული მეთოდების გამოყენებას, რომლებიც აშშ-ში გასული საუკუნის 50-60 -იან წლებში არსებულ ისეთ ახალგაზრდულ მოძრაობებში იყო გამოყენებული“,-აღნიშნა ლაშხმა.

მისივე თქმით, თავდასხმის დროს აქტივისტებმა ბავშვთა უფლებების კოდექსის სხვადასხვა მუხლი დაარღვიეს.

„მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა: ბავშვი უნდა იყოს დაცული ძალადობის ყველა ფორმისგან, ბავშვის დისკრიმინაცია მშობლის საქმიანობის გამო დაუშვებელია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, ბავშვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, ბავშვის გადაღება მისი ნებართვის გარეშე. ეს არის არამხოლოდ (დისკრიმინაცია) და საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები