რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წვრთნების დროს უკრაინელი მებრძოლების საწვრთნელი პოლიგონი დაბომბეს
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის, სუმის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო პოლიგონი დაბომბა, რის შედეგადაც ექვსი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ათზე მეტი დაშავდა,- ინფორმაციას უკრაინის ეროვნული გვარდია ავრცელებს.
უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ფიქრობენ, რომ რუსეთმა მათი პოლიგონი უკრაინული მხარის დაუდევრობის წყალობით დაბომბა.
“უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობა და სამართალდამცავი ორგანოები სუმის ოლქში გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამოძიებისა და შემოწმების შედეგების საფუძველზე, მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მისცემენ ყველა თანამდებობის პირის ქმედებებს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა მოქმედების ალგორითმები და მოგვაწოდა ყველა საჭირო ინსტრუქცია საჰაერო თავდასხმების საფრთხის პირობებში მოქმედებისთვის, ასევე უსაფრთხოების ზომების დარღვევისა და პირადი შემადგენლობის დაგროვების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს”,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.