ზაზა რაზმაძე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა
კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად ზაზა რაზმაძე გარდაიცვალა.
ზაზა რაზმაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილ ზვიად რაზმაძის ძმაა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოტეჯის წინ ჯიხურის დადგმისას რკინის კონსტრუქცია სადენებს შეეხო და ზაზა რაზმაძე იმსხვერპლა.
“ზაზა რაზმაძეს, გორის ძველი ბაზრიდან, სადაც დედამისი მეორად ტანსაცმლით ვაჭრობდა, რკინის ჯიხური კარალეთის დევნილთა დასახლებაში, საკუთარი კოტეჯის წინ გადაჰქონდა. კოტეჯის სიახლოვეს კი ახალი ბაზარი მდებარეობს. ძველი ბაზრის გაუქმების შემდეგ მოვაჭრეების ნაწილი ახალ ბაზარში გადავიდნენ. თითოეულ მათგანს თავისი ნივთები ახალ ბაზარში გადააქვს. რაზმაძეებსაც სავაჭრო ჯიხური სპეციალური მანქანით ე.წ. ,,ამწე”-თი გადაჰქონდათ. ზაზა რაზმაძე ,,ამწეს” ხელით ეხმარებოდა, რა დროსაც ძაბვა ჯიხურის კონსტრუქციებზე გადავიდა“, – წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
ამასთან, როგორც საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რაზმაძეები ერედვიდან არიან დევნილები და სოციალურ გაჭირვებას განიცდიან. ოჯახს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო შესაბამის დახმარებას გაუწევს.
2008 წლის აგვისტოში, დაბომბვისას გარდაცვლილი ზვიად რაზმაძმის გადარჩენილი ძმის ფოტოსურათმა, სადაც ის დაღუპულ ძმასთან ერთადაა ასახული მსოფლიო მოიარა და საერთაშორისო პრიზი მიიღო.