ზურაბ ჯაფარიძე მმართველ გუნდს ქვეყანაში ზიზღის გაღვივებაში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ მმართველი გუნდი ქვეყანაში ზიზღის გაღვივებაში დაადანაშაულა. როგორც პარლამენტის სესიაზე ჯაფარიძემ განაცხადა, აღნიშნულის შედეგი დღევანდელი ხელისუფლების დასასრული იქნება.
„2012 წლის არჩევნების წინ უაზრო ბრალდებები ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის” მისამართით, როგორიც იყო ბენზინიდან წაღებული 1 ლარი, ელექტროენერგიიდან და ბუნებრივი აირიდან წაღებული ფული და ასე შემდეგ. ამ ბრალდებების მოჰყვა კულმინაცია არჩევნების ღამეს, როცა ცხრა თვის ბავშვის მოკვლა დაგვბრალდა. ამის შემდეგ ჩვენ დაგვბრალდა, რომ „ენ-დი-აი” არის ჩვენი, „ვაშინგტონ პოსტი” და სხვა მნიშვნელოვანი გამოცემები ჩვენს მიერ ნაყიდია. დაგვბრალდა, რომ სადარბაზოებთან ვყრიდით შპრიცებს, ვანგრევდით ეკონომიკას, კოჰაბიტაციით ხელს ვუშლიდით ქვეყნის წინსვლას. დაგვბრალდა, რომ „ქართულ ოცნებაში” გვყავდა ჩანერგილები, ჯერ კიდევ ვუსმენთ ყველას – მათ შორის ივანიშვილსაც. დაგვბრალდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ჭიკაიძეს აგინებენ, ჩვენს მიერ ჩანარგილები არიან და ამიტომ აგინებენ მას. დაგვბრალდა, რომ ფარცხალაძეს რეპუტაცია ჩვენ გავუფუჭეთ, ციხეებში ჩვენ ვაკონტროლებთ „მაყურებლებს”, ჩვენ ვუშლით ხელს ბიძინას, რომ ფული დახარჯოს და ხალხს მოახმაროს. დაგვბრალდა ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება, ჩვენ ვცემეთ ჩვენი კოლეგა ნუგზარ წიკლაური, დაგვბრალდა, რომ ვმართავთ „რუსთავი 2″-ს, გვყავს უკრაინელი ინსტრუქტორები, გვაქვს საბურავების საწყობები, ჯერ კიდევ მოგვდის საწვავიდან ერთი ლარი, ნაყიდი გვყავს ბილტი და სიკორსკი, რომლებიც ჩვენზე მუშაობენ. დაგვბრალდა, რომ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ჰეროინის ტრანზიტს საქართველოზე და აქედან კიდევ მოგვდის დაფინანსება, შემოგვაქვს მილიონები და ელექტროშოკერები ქვეყანაში, ჩვენ ვწამლავთ ჯარს, ჩვენ ვაღიზიანებთ რუსეთს, თორემ მავთულხლართებს არ გააბამდა და ხალხს არ გაიტაცებდა. ჩვენ მივუსიეთ ხალხი დავით ნარმანიას, ჩვენ გვინდოდა, ასოცირების ხელშეკრულებაზე საქართველოს ხელი არ მოეწერა, ბიუჯეტი იმიტომ გაირღვა, რომ ჩვენ დავაგეგმინეთ არასწორად მთავრობას, დაპირებები ჩვენ მოვიგონეთ და სინამდვილეში „ქართულ ოცნებას” არანაირი დაპირება არ გაუცია, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა ჩვენი მოგონილია და სინამდვილეში, ივანიშვილი ქვეყანას არ მართავს. ჩვენ მოვიგონეთ უამრავი გამოუძიებელი საქმე, ჩვენ გავაღვიეთ ეთნიკური შუღლი, 17 მაისი ჩვენი ორგანიზებული იყო, კრიმინალს ჩვენ ვზრდით, თორემ ისე ყველაფერი კარგად არის, ჯიჰადის ვიდეოები ჩვენ გავაკეთეთ და გავავრცელეთ, ევროსაბჭოს რეზოლუცია ჩვენი კონსპირაციის შედეგია. ზვიგენი, ზებრა, პინგვინები ჩვენი მოგონილია და სინამდვილეში არ არსებობს. ეს ყველაფერი კი დამთავრდა კულმინაციით, როცა ორი დღის წინ ადამიანის მოტაცება დაგვაბრალეს. იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვთ, ამაზე უარს გვეუბნებით”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები