შალვა პაპუაშვილი: რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის” გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები” დახვედროდნენ?

“რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის” გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები” დახვედროდნენ?”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.

“აბა, გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია. სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახმარებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის.

ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის” გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები” დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი.

ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები