მაკა ბოჭორიშვილი – აუცილებელია, პატივი ვცეთ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს და თავი შევიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება ამ დარღვევებზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გზების ძიებას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, დასაწყისში, მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ლუქსემბურგის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და ძვირფასს ქსავიეს შესანიშნავი მასპინძლობისთვის.

ძვირფასო კოლეგებო, ამ ტურბულენტურ დროში, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენი რეგიონისთვის უმთავრესი გამოწვევაა. საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დარღვევა უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ქმნის და შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი ამ პრინციპების დაცვა და მშვიდობისთვის ბრძოლა უნდა იყოს.

საქართველომ საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის აგრესია და მისი დამანგრეველი შედეგები. ჩვენ კარგად ვიცით, რა მოაქვს ომს და რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის განვითარებისთვის.

იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გზების ძიებას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება ამ დარღვევებზე რეაგირებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე საუბრის დროს, უმთავრესი პრიორიტეტი, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი საერთო ღირებულებები არის ის საფუძველი, რაც გვაერთიანებს ამ ორგანიზაციაში. მივესალმებით გენერალური მდივნის ინიციატივას „ახალი დემოკრატიული პაქტი ევროპისთვის“, რომელიც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ჩარჩო ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

დემოკრატიაზე საუბრის დროს, უმთავრესი პრიორიტეტი, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა უნდა იყოს. აუცილებელია, პატივი ვცეთ ხალხის არჩევანს, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს და თავი შევიკავოთ პოლიტიკური პროცესის დემოკრატიული ინსტიტუტების მიღმა გადატანის წახალისებისგან.

მიუხედავად სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებისა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მოახერხა რეგიონში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება სხვადასხვა მიმართულებით: ჩვენ გავაძლიერეთ კანონის უზენაესობა, დავამკვიდრეთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტები და შევქმენით ეფექტური მექანიზმები კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და დასტურდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყეტილებით.

მიუხედავად ამ თვალსაჩინო პროგრესისა, საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვაწყდებით, წუხილს იწვევს და აზიანებს ნდობას. საერთაშორისო ინსტიტუტებმა უნდა წაახალისონ კონსტრუქციული თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის საფუძველზე და უნდა აღკვეთონ მათი პოლიტიკური იარაღად გამოყენება.

დასასრულს, მსურს, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მალტის მომავალი თავმჯდომარისადმი და წარმატება ვუსურვო მათ ამ მნიშვნელოვან მისიაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები