ლევან მახაშვილი პრემიერის წერილზე: დასანანია, რომ აქამდე ბევრი თანხმობის და ერთობის მიუხედავად ჩვენ მკაფიო პოზიცია ჯერჯერობით ახალი ადმინისტრაციისგან არ გვაქვს
„უპირველესად ეს წერილი არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი სურვილის, რომ ამერიკასთან გადავტვირთოთ ურთიერთობები. ჯანსაღი ურთიერთობები დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიწერილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მზად არის სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა.
„დასანანია, რომ აქამდე ბევრი თანხმობის მიუხედავად და ბევრი ერთობის მიუხედავად ჩვენ მკაფიო პოზიცია ჯერჯერობით ახალი ადმინისტრაციისგან არ გვაქვს. მაგრამ ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი სურვილი, რომ მაქსიმალურად მალე, მაქსიმალურად დროულად ჩვენი ურთიერთობები აღვადგინოთ და დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ორ ქვეყანას შორის კავშირები. ეს არის ჩვენი მთავარი მოლოდინი და მთავარი გზავნილი ამ წერილის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.