უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ხუთშაბათს თურქეთში მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ პირადად კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან,- ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა Telegram-ზე დაწერა.
ეს განცხადება ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის მიერ ზემოაღნიშნული შეხვედრის ჩატარების მოთხოვნის შემდეგ გააკეთა.
ამავდროულად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ადრე შემოთავაზებულ სრულ ცეცხლის შეწყვეტას დაელოდება.
„ხვალიდან ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში პირადად დაველოდები. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები არ მოძებნიან მიზეზებს, თუ რატომ არ შეუძლიათ ამის გაკეთება.
მკვლელობები უნდა დასრულდეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკრაინის ძალები მზად იქნებიან სარკისებურად უპასუხონ. პარტნიორებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ ისინი მზად არიან გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან თურქეთში მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.