„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, უმჯობესია, ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ხელისუფლების წევრების მიმართ ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე ისაუბრა. კაციტაძის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ივანიშვილი დღეს ოფიციალურად უსტატუსო ადამიანია და ხელისუფლებას აღარ მართავს, ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი მაინც მასთან თანხმდება.
კაციტაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ხელისუფლების მართვაზე იურიდიული პასუხისმგებლობაც აიღოს.
„ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებას და მთავრობას უსტატუსო პიროვნება მართავს. ესაა ქვეყნის ხედვის მაფიოზური მენტალიტეტი. არსებობს პრემიერი, არსებობენ მინისტრები, მაგრამ ამ დროს ვიღაც სადღაც ზის და იმ ვიღაცასთან შეუთანხმებლად გლობალური საკითხები არ წყდება. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მსგავსად კორპუსის ფერს და შადრევნის ადგილს მასთან არავის ათანხმებს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სტრატეგიული საკითხი მასთან წყდება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ კი არა, რომ მომწონს, უბრალოდ ამით პრინციპი მაინც გამოსწორდება, უმჯობესია, ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ფორმალურ პასუხისმგებლობაში და ხელისუფლების ფორმალურ მართვაში შევიდეს ისევ, ვიდრე გაგრძელდეს ის, რომ აი ამ ახალგაზრდა, ნაკლები გამოცდილების მქონე ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდეს რაღაც ვალდებულება თუ შიში, რომ საკითხები უნდა შეათანხმონ მასთან, სხვა შემთხვევაში კი მათ მოეკითხებათ. ის, თუ როგორ მოეკითხებათ, უკვე მეთოდებზეა დამოკიდებული“,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები