„კოალიციის შიგნით დაპირისპირებას კონკრეტული პიროვნებები ეწირებიან“

 

   პარტია „ახალი მემარჯვენეების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა კაციტაძემ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით სამთავრობო ცვლილებების გამო გააკრიტიკა. კაციტაძის განცხადებით, კოალიცია იმდენად ეკლექტური და ჭრელია, რომ მასში პოლიტიკური დაპირისპირებები ხშირია, რასაც კონკრეტული პიროვნებები ეწირებიან.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის მოსაზრებით, როგორც წინა, ისე მოქმედ ხელისუფლებაში საკადრო პოლიტიკა არა კადრების პროფესიონალიზმით, არამედ კონკრეტულ პიროვნებებთან ახლობლობით და გავლენებით წყდება.
„საკადრო ცვლილებები ვინმეს ვარგისიანობით, ან უვარგისობითა არაა განპირობებული, მე უფრო მგონია, რომ საკადრო ცვლილებები – უკვე განხორციელებულიც და მომავალში განსახორციელებელიც, პოლიტიკური პოზიციებითაა ნაკარნახები. ესაა კოალიცია „ქართული ოცნების“ ეკლექტურობით, სიჭრელით და შიდა დაპირისპირებებით ნაკარნახები, რომელიც დღესდღეობით არსებობს ხელისუფლებაში და რომელიც, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად იჩენს თავს. დაპირისპირება – იქნება ეს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, კოალიციაში შემავალ 6 პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის, თუ სხვა, ფაქტია, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებებს კონკრეტული პიროვნებები ეწირებიან“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართული ოცნების“ მსგავსებაზეც ისაუბრა და მათ შორის პარალელი გაავლო. „მართალია წინა ხელისუფლება – „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყო კოალიცია, მაგრამ მათ გუნდში არსებული დაპირისპირების საჯარო დადასტურება იყო სწორედ მუდმივად საკადრო ცვლილებები. რომელიღაც დაჯგუფება უფრო იმძლავრებდა სააკაშვილის კარზე და ამას მისი მინისტრების შემოყვანა მოჰყვებოდა, მერე რომელიღაც ამ დაჯგუფებას აჯობებდა და მათი ჩანაცვლება მოხდებოდა. ეს ხდებოდა პრემიერ – მინისტრების და გავლენიანი სამინისტროების დონეზეც კი. ამ თვალსაზრისით წინა და დღევანდელი ხელისუფლება დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. საკადრო პოლიტიკა არა პროფესიონალიზმით, არა კვალიფიციურობით, არა წარმატება – წარუმატებლობით, არამედ იმით იზომება, თუ ვინ ვისი ახლობელია და ვისი გავლენის ქვეშ არის“,- აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები