საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო მისიების ხელმძღვანელებმა ჩინეთში, შვეიცარიასა და თურქეთში ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები წარმოაჩინეს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ, შანტუნგის პროვინციაში, ქალაქ პინჭოუში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს-აკადემიურ ფორუმში თემაზე „სამხრეთ კავკასიიდან ჩინეთამდე: ისტორიული მემკვიდრეობა და თანამედროვე ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია“ (From the South Caucasus to China: Historical Heritage and the Integration of Modern Economy and Culture). ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმზე, საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე, საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობასა და უნიკალურ კულტურულ თვითმყოფადობაზე. ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და მის მზარდ როლზე რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის დინამიურ განვითარებას და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას საინვესტიციო, სავაჭრო, ტურიზმისა და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე ინიციატივების ხელშეწყობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

„ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური წრეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო ფორუმის პირდაპირ ეთერს 30 000-მდე ბიზნეს წრის წარმომადგენელი ადევნებდა თვალყურს.

საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შოთა გეწაძემ, შეხვედრა გამართა შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის წევრებთან და პარტნიორებთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში არსებული საგადასახადო, ეკონომიკური და ფინანსური სისტემები და მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები, სასურველს ხდის ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანიების შესვლას.

შეხვედრას ესწრებოდა შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის (JCC) ხელმძღვანელი, Swiss Global Enterprise-ისა და შვეიცარული ბიზნესის 10-ზე მეტი წარმომადგენელი.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობასა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა შეხვედრა გამართა სტამბოლის ეკონომიკური სამიტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესთან, აბდულა დეღერთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სტამბოლის ეკონომიკურ სამიტში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური ეკონომიკური კავშირები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. სტამბოლის ეკონომიკური სამიტი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელზეც პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მსჯელობენ მსოფლიო და რეგიონალურ  ეკონომიკურ ტენდენციებზე, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები