ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მუდმივმოქმედი მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამებისა და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სერტიფიცირების გამოცდების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი სანტურიანმა მიაწოდა.

სანტურიანმა მონაწილეებს ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმაც გააცნო, რომლის მიზანი სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმებაა. აღსანიშნავია, რომ ახალი პლატფორმა სამენოვანია და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მისთვის სასურველ ენაზე მოემზადოს სერტიფიცირებისთვის.

შეხვედრაზე ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც გაიმართა. მონაწილეებმა ადგილზე ნახეს თუ როგორ გამოიყურება აღნიშნული აპარატი ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამატების შემდგომ.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები