ალექსანდრე ბარამიძე ლატვიის დელეგაციას შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ლატვიელ კოლეგებს შეხვდა. დელეგაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტი ლატვიის მხარის ინიციატივით დაიგეგმა. მისი მიზანი მართლმსაჯულების, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობაა.
სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე დელეგაციის წევრებს საქართველოში იუსტიციის სფეროში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. ლატვიელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმ სიახლეებით, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაციის მიზნით ხორციელდება. საუბარი შეეხო დანაშაულის პრევენციის საკითხებსაც. სტუმრებმა ინტერესი გამოავლინეს იმ სერვისების მიმართ, რომელთაც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებსა და ყოფილ პატიმრებს.
„სტუმრების მიზანია, გაეცნონ, თუ რა კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ განხორციელდეს რეფორმები სასამართლო სისტემაში, აინტერესებთ მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ მათ ყველაფერ ამას გავაცნობთ, ისევე, როგორც გავაცნობთ იუსტიციის სისტემას მთლიანად. ეს არის სამდღიანი ვიზიტი, რომელიც დატვირთულია ბევრი საინტერესო შეხვედრით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩამოგვიყალიბდა ასეთი კარგი და მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ლატვიელ კოლეგებთან“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
დღესვე ლატვიის დელეგაცია თბილისის იუსტიციის სახლს ეწვევა და სახელმწიფო სერვისების კუთხით გატარებული რეფორმების შედეგებს გაეცნობა. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ, აგრეთვე, მთავარ პროკურატურაში, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში. სტუმრები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
ლატვიის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს 18 ოქტომბერს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები